2022 წლის 9 თვეში ბანკებმა ჯამში 1.6 მლრდ ლარზე მეტი წმინდა მოგება გამოიმუშავეს. სექტორის წარმომადგენელთა უმეტესობამ მესამე კვარტალში მოგებაზე გასვლა შეძლო, ცხრა თვე წაგებით ქართული საბანკო სექტორის სამმა წარმომადგენელმა „ვითიბი ბანკმა“, „სილქ როუდ ბანკმა“ და „პაშა ბანკმა“ დაასრულეს. ყველაზე დიდი, 79 მლნ ლარის ზარალი „ვითიბის“ აქვს, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი მოგებაზე იყო. ზარალიანი ბანკების რეიტინგში მეორე ადგილას „პაშა ბანკია“ 3,6 მლნ ლარის ზარალით, რომელსაც არც გასულ წლებში ჰქონია მოგება. მესამე ადგილას „სილქ ბანკია“ 2,5 მლნ ლარი ზარალით.
კომერციული ბანკების რეიტინგი მოგება/ზარალის მიხედვით (2022 წლის 9 თვე):
• თიბისი ბანკი - 749,486,054 ლარი
• საქართველოს ბანკი - 654,370,298 ლარი
• ბაზის ბანკი - 42,160,771 ლარი
• ლიბერთი ბანკი - 39,862,443 ლარი
• პროკრედიტ ბანკი - 35,024,829 ლარი
• ტერა ბანკი - 25,193,972 ლარი
• ქართუ ბანკი - 21,399,186 ლარი
• კრედო ბანკი - 21,673,319 ლარი
• იშ ბანკი - 13,662,672 ლარი
• ხალიკ ბანკი - 9,392,259 ლარი
• ზირაათ ბანკი - 5,586,168 ლარი
• ვითიბი ბანკი - ზარალი 79,673,167 ლარი
• პაშა ბანკი - ზარალი 3,566,242 ლარი
• სილქ ბანკი - ზარალი 2,540,718 ლარი.
„ვითიბი ბანკის“ ზარალის მიზეზი რამდენიმე თვის წინ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვედრა იყო, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქცირებულმა „ვითიბი ბანკმა“ საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად, საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის კი „ლიბერთიმ“ გადაიბარა.
„პაშა ბანკი“ ზარალზე წინა წლებშიც გადიოდა. პამდემიის დროს სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის ერონულმა ბანკმა საბანკო სექტორს სარეზერვო ბუფერი დააკისრა, სწორედ ამიტომ 2020-ის გაზაფხულზე „პაშა ბანკმა“ 317 მლნ ლარის პორტფელზე 20 მლნ-მდე რეზერვი შექმნა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბანკი კაპიტალის გაზრდას გეგმავს.
„სილქ ბანკი“ კი ერთადერთი იყო, რომელმაც პანდემიური წლის მეორე კვარტალი მოგებით დაასრულა, მისი წმინდა მოგება 2020 წლის 6 თვეში 253,512 ლარი იყო, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 358,804 ლარის ზარალზე გავიდა. ორი თვის წინ ბანკმა სახელი შეიცვალა და „სილქ როუდ ბანკის“ ნაცვლად „სილქ ბანკი“ გახდა, სახელწოდების ცვლილების გარდა ის წელს სხვა სიახლეებსაც გეგმავს.