"პენსიები, დროებითი სახლები და სამსახურები," - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დახმარების იმ პროგრამს განმარტავს, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინელების დასახმარებლად დღეიდანვე აამოქმედებს.
სპეცპროგრამა სამი მიმართულებისაა.
"გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, რომ მთავრობამ პენსიონერებისთვის პენსიის გადახდა დაიწყო. უკვე ხვალიდან, ეს თანხა ჩვენს მოქალაქეებს საბანკო ანგარიშებზე დაერიცხებათ. ახლა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა და ეს აუცილებლად მოხდება.
ასევე, სიახლე გვაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო სამსახურები დაკარგეს. მათთვის დამატებითი სამუშაოების შესაქმნელად საწარმოებსა და სხვადასხვა ქარხნებში უკვე 20 მილიარდი გრივნა გადაირიცხა.
მესამე პროგრამა კი იმ ადამიანებს შეეხება, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებელი დატოვეს და დროებით გადასვლა სხვა ქალაქებში მოუწიათ. ადგილობრივმა ადმინისტრაციებმა მიიღეს ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ გამოიყოს მიწები, სადაც დროებით საცხოვრებლები აშენდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს დროებითი საცხოვრებლები იქნება! როგორც კი უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს, ჩვენი ქალაქების მასშტაბური აღმშენებლობას დავიწყებთ და საკუთარ ქალაქსა და სახლში დაბრუნების შესაძლებლობა თითოეულ მოქალაქეს ექნება. ახლა ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ სახლი და უკეთესია ეს უკრაინაში იყოს და არა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
ამ პროგრამების დეტალურ შინაარსს უახლოეს მომავალში უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი თითოეულ მოქალაქეს გააცნობს," - აცხადებს ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში.