ყველა ის პენსიონერი, რომელიც 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრება პენსიაზე ერთჯერად 200 ლარიან დანამატს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინა სავალდებულო არ გახდება, თუმცა 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება და 18 წლიდან ზემოთ ადამიანები კვების ობიექტებსა თუ გასართობ დაწესებულებებში არ დაიშვებიან თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები. მწვანე პასპორტს კოვიდგადატანილი არავაქცინირებულებიც მიიღებენ, დასაშვები იქნება PCR უარყოფიტი ტესტის პასუხის წარდგენაც, რომლის მოქმედების ვადაც 72 საათი იქნება.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე აცრა მხოლოდ სამედიციონო პერსონალისა და 75 წელს გადაცილებული პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ასაკობრივმა ზღვარმა ჯერ 65 წლამდე, შემდეგ კი 55 წლამდე დაიწია. მაისიდან სინოფარმის შემოსვლის შემდეგ, სრულწლოვანებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნა.
აგვისტოში დღიურად 20-25 ათასი ადამიანი იცრებოდა, სექტემბერში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ოქტომბრის ბოლოს კი დღიურად აცრილთა რაოდენობა, დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობას ჩამოსცდა.
7 ნოემბერს სულ 1204 ადამიანი აიცრა. 8 ნოემბრის მდგომარეობით მინიმუმ 1 დოზით 1.050 მლნ ადამიანია აცრილი, მოსახლეობის 28.4%, მათგან ორჯერადად აცრილია 954 ათასი ადამიანი, მოსახლეობის 25.8%. სიკვდლიანობის მნიშვნელოვნად შესამცირებლად კი მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრაა საჭირო.