საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას, - აცხადებს სუსი.