ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში მორიგი საქმე მოიგეს, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით, ქალის უკანონო მოთავსების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა.
PHR-ის ცნობით, 2019 წლის 31 აგვისტოს ქალთან სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. ეკიპაჟმა ქალის სამედიცინო შემოწმებისთვის კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.
"ქალი დაიბნა, ვერ მიხვდა იმ მომენტში რა შეეძლო გაეკეთებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა კლინიკაში. გზად ნინომ გაიგო რომ პოლიციისთვის მის დას დაურეკია. მან უთხრა პოლიციელებს, რომ თავად იყო ოჯახის წევრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და მის დასაცავად შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული რამდენიმე დღის წინ.ამ ინფორმაციაზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია და ნინო ფსიქიატრიული კლინიკაში მიიყვანა საიდანაც ის აღარ გამოუშვეს", - წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქალის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანის დროს და იქ მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური შესწავლა.
"პოლიციამ და ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ქალის მონაყოლი, რაც ფაქტებით იყო დადასტურებული (დის მხრიდან ნინოზე ფიზიკური ძალადობა, რის გამოც მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება მოძალადე დის მიერ მოხდა, მაშინ, როცა თავად ნინო იყო ძალადობის მსხვერპლი და დასაცავი დის მხრიდან). საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრების მოსაზრებას მოუსმინა და ნინო 6 თვით ფსიქიატრიულში, მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა", - წერს PHR.
სააპელაციო სასამართლოში მოგებული საქმის მერე ქალი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გათავისუფლდა.
PHR-მა ქალთან ერთად ერთად დაიწყო სამოქალაქო დავა კლინიკის წინააღმდეგ და მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დააკმაყოფილა ნინოს მოთხოვნა და კლინიკას მორალური ზიანის გადახდა დააკისრა.
mtvari.tv