აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ცნობით, ბიჭვინთის მაღაზიიდან 38 ცალი კონსერვი „ხაში“ ამოიღეს. „ეხო კავკაზა“ წერს, რომ საქმე ეხება პროდუქციას, რომელზეც საქართველოს დროშა და რუკაა გამოსახული. საოკუპაციო რეჟიმის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ამ რუკაზე აფხაზეთი საქართველოს საზღვრებშია მოქცეული.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით ხაში არა საქართველოში, არამედ სტავროპოლის ოლქში, ნოვოალექსანდროვკის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაშია წარმოებული.
საბაჟო კომიტეტში აცხადებენ, რომ პროდუქცია აფხაზეთში მოქმედი ე.წ. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით შეიტანეს. კონკრეტულად რა დარღვევაზეა საუბარი, არ აკონკრეტებენ.
მაღაზიაში შემოწმება საბაჟო პუნქტ „ფსოუს“ კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მასალები საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა.