„ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა შიდა ტურიზმი გაუმართლებელია, რადგან შიდა ტურიზმი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ისევ საქართველოს მოქალაქე ოჯახთან ერთად რომელიმე რეგიონში წავიდეს და სასტუმრო იმის მიხედვით შეარჩიოს თუ რა შესაძლებლობა აქვს. ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანს შიდა ტურიზმი არაფერში წაადგება“ — ამის შესახებ „კომერსანტთან“ ტურისტული კომპანია BTL Georgia -ს დამფუძნებელმა მაია ბიბილაურმა განაცხადა.
მაია ბიბილაურმა საქართველოში ტურიზმის მდგომარეობაზე, ბიზნეს სექტორის მოთხოვნებზე ისაუბრა და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.
„ყველაზე ნაკლები ყურადღება ტურისტულ კომპანიებს მიექცა, რატომღაც მგონია რომ საქრთველოში ტურიზმის და ტურისტული კომპანიების მნიშვნელობა ცუდად არის გააზრებული. ნებისმიერ სასტუმროს, რომ ჰკითხოთ საიდან მოდის სტუმარი, გეტვით რომ მათთან სტუმარი ტურისტულ კომპანიებს მიჰყავს. ჩვენ ვართ ის კვანძი, რომელიც ანაწილებს ბიზნესებს, ჩვენ სხვადასხვა მომიჯნავე ბიზნესისთვის მიგვაქვს ბიზნესი, ჩვენ ვასაქმებთ სატრანსპორტო კომპანიებს, სასტუმროებს, ავიაკომპანიებს, მარკეტინგულ კომპანიებს, მეღვინეებს, ამ ჯაჭვში ჩვენი როლი ძალიან დიდია და ერთი წელია ტურისტული კომპანიები და ჩვენი თანამშრომლები დავიწყებულები ვართ“ - აღნიშნა მაია ბიბილაურმა.
მაია ბიბლაურმა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები 10 ბალიანი სისტემიდან 2-ით შეაფასა და აღნიშნა,რომ ტურიზმის სფეროში ადამიანების ჯარია უმუშევარად დარჩენილი. მისივე განცხადებით, ტურიზმი იმ სფეროს წარმოაგდენს სადაც ფულის ყველაზე დიდი ბრუნვაა და უცხოური ვალუტაც ქვეყანაში ტურიზმიდან შემოდის.
„ჩვენ მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები გვქონდა, დავწყოთ იქიდან, რომ ტურიზმის ადმინისტრაიას ხელმძღვანელი არ ჰყავს, ჩვენსა და მთავრობას შორის შუამავალი ადმინისტრაცია უნდა იყოს, რომელმაც მთავრობას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და ეს ყველაფერი უნდა აუხსნას და რაღაც ზომები უნდა მივიღოთ.
ვთქვათ ფრენები აღდგა და ტურისტები ჩამოვიდნენ, რისთვის ჩამოვიდეს ტურისტი, რომ ცხრა საათზე სასტუმროდან გარეთ ვეღარ გავიდეს?
თავიდანვე, ჯერ კიდევ როდესაც მწვანე ზონად ვითვლებოდით , შეხვედრების დროს ჩვენ და ყველა ჩვენი კოლეგა გავიძახდით, რომ როდესაც მიმოსვლა დაიწყება სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენ არანაირი უპირატესობა არ გვაქვს, მოვუწოდებდით რომ მარკეტინგული ღონისძიებები სასწრაფოდ გაგვეტარებინა, პიარ აქციები დაგვეგეგმა, რომ როცა საზღვრებს გავხსნით ტურისტებმა უპირატესობა ჩვენ ქვეყანას მიანიჭონ და ჩამოვიდნენ.
გასაგებია, რომ ეს კორონა კიდევ დიდხანს არ დამთავრდება, ხომ უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება, ხომ ვერ დაველოდებით როდის მოვა 18-ე ტალღა და ისევ ასე ხომ არ ვისხდებით ? პირადად ჩემთვის სულერთია შიმშილით და დამცირებით მოვკვდებით თუ კორონავირუსით“, - აღნიშნა მაია ბიბილაურმა.
ბიბილურის განცხადებით, ტურისტული კომპანიები სხვადასხვა ასოციაციაში არიან გაწევრიანებულები და მუდმივად მედიატორის როლს თამაშობენ და მთავრობისთვის ხმის მიწვდენას ცდილობენ. ბიბილაური განცხადებით, ტურიზმი ყველაზე აპოლიტიკური სფეროა და მას პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლება არ აქვს.
„ტურიზმი ძალიან აპოლიტიკური სფეროა და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ვიყოთ პოლიტიკურად მიკერძოებლები, ვსაუბრობ როგორც შიდა, ასევე გარე პოლიტიკაზეც. ზოგადად როცა ვიცით რომ ჩვენ ქვეყანას რომელიღაც ქვეყანასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ჩვენ ამ შემთხვევაშიც არ გვაქვს უფლება რომ პოლიტიკურები ვიყოთ. ტურიზმის სფეროში ყველაზე დიდი არაპროფესიონალიზმი პოლიტიკაში ჩართვაა“, - განაცხადა მაია ბიბილაურმა.
თაკო კვაჭანტირაძე