„მე არ მგონია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ენერგეტიკის სექტორში რამე პრობლემას შეგვიქმნის. ვფიქრობ, უფრო სხვა მიმართულებებით გვექნება სერიოზული შეფერხებები, როგორიცაა ლოგისტიკა - მოგეხსენებათ, სომხეთი მთლიანად საქართველოს გავლით მარაგდება. ეს ფაქტორი ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს,“ - ასე აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანში შეიარაღებული კონფლიქტის სავარაუდო შედეგებს საქართველოზე პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.
ნებისმიერი სახის შეიარაღებული კონფლიქტი, ხანმოკლე თუ ხანგრძლივი, რეგიონისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის კუთხით თავის ნეგატიურ კვალს დატოვებს და ამაზე ყველა ანალიტიკოსი თანხმდება. თუმცა, როგორც ხუხაშვილი ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საერთო ჯამში, მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი არ არის, საქართველომ რისკებში თურქეთისა და რუსეთის ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს, რადგან საბოლოოდ ბოლო სიტყვას სწორედ ეს ორი ქვეყანა იტყვის.
„აზერბაიჯანთან მიმართებაში ეკონომიკური ვარდნის პროცესი გარდაუვალია, რადგან ჩვენი ეკონომიკების ინტეგრაციის ხარისხი მაღალია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურქეთი ფაქტობრივად ამ კონფლიქტის მონაწილე გახდება, გამომდინარე თურქეთ-აზერბაიანის მჭიდრო ალიანსისა. ისინი განუყოფელ ტანდემად განიხილებიან და არა მხოლოდ პოლიტიკური არამედ მსოფლმხედველობრივი კუთხით, რაც ბევრად ღრმა ინტეგრაციას გულისხმობს. ის არასახარბიელო ტენდენციები ეკონომიკის, უსაფრთხოების კუთხით, რაც შეიძლება ამ კონფლიქტს მოჰყვეს, ბუნებრივია საქართველოზეც აისახება. პირდაპირი რისკები კი უფრო უსაფრთხოების სფეროში გვაქვს,“— ამბობს ხუხაშვილი.
რაც შეეხება რუსეთის როლსა და ინტერესებს ორ ქვეყანას შორის კონფლიქტში, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ეს ესკალაცია ოფიციალურმა მოსკოვმა სომხეთის დასავლური ხედვების გამო დასასჯელად წააქეზა.
„უნდა გვესმოდეს, რომ ბოლო სიტყვას ამ კონფლიქტში მაინც რუსეთი იტყვის იმიტომ, რომ თავის დროზე რუსეთის ინიცირებულია ეს პრობლემა და მისი წაქეზებულია ეს კონფლიქტი ყარბაღში. სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ დემოკრატიზაციის ტენდენციები გამოავლინა, დაიწყო დასავლეთისკენ სვლა მაშინ, როდესაც რუსეთზე სრულად იყო დამოკიდებული. ეს ტენდენცია რუსეთს რა თქმა უნდა, არ მოსწონს. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს უნდა სომხეთი თავის ადგილზე მოსვას და გააგებინოს, რომ რუსეთს იქით მათ გზა არ აქვს. ამ კონფლიქტით, რუსეთი ორ ამოცანას გადაწყვეტს, ნაწილობრივ დააკმაყოფლებს აზერბაიჯანის პრეტენზიებს და სომხეთს აუხსნის რომ „რუსეთის გარეშე უბრალოდ არ არსებობს“. ბოლოს, ეს კონფლიქტი თურქეთის და რუსეთის შეთანხმების საფუძველი გახდება, ანუ დიდები შეთანხმდებიან პატარების გაშველებაზე და შესაბამისი სამშვიდობო ოპერაცია შეიძლება დაიწყოს თურქეთისა და რუსეთის მონაწილეობით.“ - განმარტავს გია ხუხაშვილი .
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთს აქვს ოკუპირებული.
1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ შეთანხმება არაერთხელ დაირღვა.
ამ თემაზე ბოლო პერიოდში რამდენიმე დისკუსია გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის.
ყველაზე მეტად ვითარება ბოლო პერიოდში 2016 წლის 2 აპრილს გამწვავდა, როცა კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. წელსაც ივლისში გამწვავებულ კონფლიქტს ორივე მხრიდან 36 ადამიანი ემსხვერპლა.
მარიამ მორგოშია