წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.
რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 686.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 3.3-ჯერ აღემატება. რეინვესტიციის მოცულობა გაზრდილია 1.7-ჯერ და შეადგენს 1 289 მლნ. დოლარს.
2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.5 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, 48.0 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4 პროცენტით, მეორეზე - ესპანეთი 18.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე - აშშ 8.2 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2022 წელს 56.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 406.9 მლნ. აშშ დოლარით (20.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორი 197.0 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი).
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის IV კვარტალში 324.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.