აშშ-ში ბენზინის ფასი ერთ გალონზე (3,78 ლიტრი) 4 დოლარს ჩამოსცდა. ეს კი მოხდა პირველად 5 მარტის შემდეგ. ამის შესახებ მოწმობს არაკომერციული ორგანიზაცია ამერიკის საავტომობილო ასოციაციის ААА-ს მონაცემები, რომელიც ამერიკის მასშტაბით 60 ათასზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს აკვირდება.
მისი მონაცემებით, შტატებში ხუთშაბათ დილისთვის ბენიზნის ფასმა 3,99 დოლარამდე დაიწია, თუმცა ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბენზინი კალიფორნიაშია, სადაც ის ამ დროისთვის 5,38 დოლარი ღირს.
შტატებში ბენზინის ფასის ზრდა ზამთრის ბოლოდან დაიწყო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად. ივნისში მან პიკურ მაჩვენებელს მიაღწია, როცა საშუალო ფასმა 5,01 დოლარი შეადგინა გალონზე.
ოთხშაბათს ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ნავთობის მარაგები კვირის განმავლობაში 5,5 მლნ ბარელით გაიზარდა. აღნიშნულმა ინფორმაციამ კი თავის მხრივ, ნავთობის ფასის კლებაც გამოიწვია. ამერიკული WTI ნავთობის ფასი გუშინ 2,64 დოლარით გაიაფდა და 94,57 დოლარი შეადგინა ბარელზე.