ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად სცოდავენ როდესაც ევროკავშირის წევრობა ბანკომატად წარმოუდგენიათ, ჰგონიათ წევრი თუ გავხდებით მხოლოდ მეტ ფინანსურ სარგებელს მივიღებთო, — ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი არ არის მხოლოდ სარგებელი, ეს პასუხისმგებლობაცაა.
„საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, ეს უდანახარჯო და უდანაკარგო პროცესი არ არის. ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად სცოდავენ როდესაც ევროკავშირის წევრობა ბანკომატად წარმოუდგენიათ, წევრი გავხდებით და მეტ ფინანსურ სარგებელს მივიღებთო. თუმცა ეს პირველ რიგში პოლიტიკურ რეფორმას ნიშნავს და ჩვენ ამით არა თუ საქართველოს, არამედ გერმანელის, ჰოლანდიელის, ლუქსემბურგელის და სხვა წევრების ბედი უნდა გადაწყვიტოს.
ევროკავშირი არ არის მხოლოდ სარგებელი, ეს პასუხისმგებლობაცაა. მატერიალური სარგებელი მოჰყვება იმას თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ, ასე რომ ეს გადაჯაჭვულია და დამოკიდებულია იმაზე თუ რა რეფორმებს გავატარებთ.
თუ ჩვენი ქვეყანა დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს რაც ევროკავშირს აქვს წარდგენილი, არავინ გადაუღობავს გზას. ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას და ფუნქციურ დემოკრატიას აქვს ამ გზაზე დიდი მნიშვნელობა. ქვეყნის წევრობა აძლიერებს ამ ბლოკს“, — ამბობს გიგა ჩხარტიშვილი.