ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პრეზიდენტობის შვიდწლიანი ვადა 2 მარტს ეწურება. პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, საბჭო განიხილავს ახალი პრეზიდენტის საკითხს და შეარჩევს კანდიდატურას, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი, შესაძლოა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ დაიკავოს, რომელიც სებ-ის საბჭოს წევრია.
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აუცილებელია სებ-ის ახალი ხელმძღვანელი პოლიტიკური გავლენებისგან შორს მყოფი კარგი მაკროეკონომისტი იყოს. მისი თქმით, კობა გვენეტაძის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და დედოლარიზაციის კუთხით სწორია და სასურველია თუ ასე გაგრძელდება.
„ვისურვებდი, რომ ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი იყოს მაკროეკონომიკის კარგი მცოდნე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველანაირი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. პოლიტიკური ფიგურის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნა ხელს შეუშლის სებ-ის დამოუკიდებლობას. პოლიტიკური ფიგურები უფრო მეტად ემორჩილებიან მთავრობის, პოლიტიკოსების მხრიდან წამოსულ რჩევებს და უფრო მეტად ითვალისწინებენ მათ აზრს. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა განსაზღვრულია კანონით და დღემდე სებ-ის ხელმძღვანელი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და ვისურვებდი, რომ ასეც გაგრძელდეს.
არ მინდა ვიხილოთ სებ-ის ხელმძღვანელად ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსი. ეროვნული ბანკის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია რამდენად თავისუფალია ის, რადგან ის ერთგვარ ოპონირებას უწევს ფინანსთა სამინისტროს, მაგალითად მთავრობა ყოველთვის ცდილობს მეტი დახარჯოს, ეროვნული ბანკი კი ასე ვთქვათ ხელს უშლის მას, რაც ასეც უნდა იყოს“, — განმარტავს გიორგი კეპულაძე.
თავის მხრივ, კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ შემცვლელეს კარგ მემკვიდრეობას უტოვებს და იმედოვნებს, რომ მის მსგავსად არც მომავალი პრეზიდენტი მოერიდება არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს, რომლის გარეშეც მიზნის მიღწევა შეუძლებელია.