პოლონეთმა რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვარზე ელექტრონული ბარიერის მშენებლობა დაიწყო, რათა უფრო ეფექტურად გააკონტროლოს სიტუაცია საზღვარზე. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
„პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე ელექტრონული ბარიერის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ჩვენ გვექნება სრული მონიტორინგი, თუ რა ხდება რუსეთთან საზღვარზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საუკეთესო დაცული საზღვარი ევროკავშირში“, - განაცხადა კამინსკიმ.
საზღვრის 199 კმ-ზე კამერებისა და მოძრაობის სენსორების სისტემა დამონტაჟდება. იგი მოიცავს მთელ სახმელეთო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან, გარდა ვისლას შპიტის მონაკვეთისა, სადაც საზღვარს რამდენიმე წელია ელექტრონული მოწყობილობები იცავენ.
უსაფრთხოების ბარიერის განყოფილება 12 ფუნქციურ განყოფილებად დაიყოფა, სადაც დამონტაჟებული იქნება 2000-მდე ვიდეოსათვალთვალო ბოძი, 3000 ვიდეოკამერა და 700 კმ ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი.
ბარიერის ასაშენებლად 83 მლნ დოლარზე მეტია გათვალისწინებული, მათ შორის 9 მლნ დოლარზე მეტი საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე რელიეფის გასაძლიერებლად.