პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი კამილ ბორტნიჩუკი გამოვიდა წინადადებით, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები „ლტოლვილთა ნაკრების“ შემადგენლობაში შეიყვანონ.
„ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ რუსული სპორტის ნეიტრალურობა ფიქციაა. რუსეთში არ არსებობს ინსტიტუტები. რომელიც დამოუკიდებელი იქნება ავტორიტარული ან ტოტალიტარული ხელისუფლებისგან. და რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი.
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბრალდება თითქოს ვხელმძღვანელობთ ნაციონალიზმით, რომ ხდება გარკვეული სახის დისკრიმინაცია არსებული პასპორტის გამო, გამოვდივართ წინადადებით, რომ შეიქმნას ლტოლვილთა ნაკრები.
არა ნეიტრალური ნაკრები, არამედ ლტოლვილთა ნაკრები, რომელშიც გამოვიდოდნენ რუსები და ბელარუსები, რომლებიც დისიდენტები არიან პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმებთან მიმართებაში.
მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს საინტერესო საფუძველი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მოლაპარაკებებისთვის და საშუალებას მისცემს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შეინარჩუნოს სახე ამ სიტუაციაში“, – განაცხადა ბორტნიჩუკმა.