ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა - პოლონეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსის შიგნით კონსულტაციების დაწყების მიზნით, ნატო-ს დაარსების ხელშეკრულების მეოთხე მუხლი აამოქმედეს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა წარმოადგენს საფრთხეს მთელი ევროპისთვის.
„რუსეთის ფართო აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს, ნატო-ს ყველა ქვეყანას და ნატო-ს კონსულტაციები მოკავშირეთა უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ უნდა დაიწყოს, რათა განხორციელდეს დამატებითი ზომები ნატო-ს მოკავშირეების თავდაცვის უზრუნველსაყოფად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური პასუხი ერთიანობაა“, - განაცხადა კაია კალასმა.
ცნობისთვის, ნატო-ს შეთანხმების მეოთხე მუხლი გულისხმობს, რომ უნდა დაიწყონ ერთმანეთთან კონსულტაციების გავლა, როცა ნებისმიერი წევრი ქვეყანა ჩათვლის, რომ ნატო-ს მოკავშირის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
ipn.ge