არქეოლოგთა ჯგუფმა პოლონეთში, რეგიონში უძველესი, პრეისტორიული ქვის იარაღები აღმოაჩინეს, რომლებიც 450-დან 550 ათასი წლის წინ მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნოდათ.
უძველესი იარაღები დაახლოებით 50 წლის წინ იპოვეს პოლონეთში, ვიელკის გამოქვაბულში. Scientific Reports-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ისინი გადაშენებულ ადამიანთა სახეობას ეკუთვნოდნენ.
იმის გასარკვევად, თუ რომელ პერიოდს ეკუთვნის მოტანილი იარაღები, მეცნიერებს მღვიმის ხელახალი მონახულება დასჭირდათ. 2018 წელს არქეოლოგმა მალგორზატა კოტიმ და მისმა გუნდმა მღვიმე მოინახულეს და გათხრები დაიწყეს, რომ ანალიზისთვის მეტი მასალა შეეგროვებინათ. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ იარაღები დამზადებულია გადაშენებული ადამიანის სახეობა ჰაიდელბერგელის მიერ, რომელიც ნეანდერტალელებისა და თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო წინაპრად ითვლება.
„ჩვენ გაგვიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ნახევარი მილიონი წლის წინ ამ მხარეში ხალხი გამოქვაბულებში რჩებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ეს არ იყო საუკეთესო ადგილი დასაბანაკებლად. ტენიანობა და დაბალი ტემპერატურა ხელს შეუშლიდა გამოქვაბულში მცხოვრებლებს. მეორეს მხრივ, გამოქვაბული ბუნებრივი თავშესაფარია. ეს არის დახურული სივრცე, რომელიც უსაფრთხოების განცდას იძლევა. ჩვენ აღმოვაჩინეთ კვალი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ იქ დარჩენილმა ადამიანებმა ცეცხლი გამოიყენეს, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყო ამ ბნელი და ტენიანი ადგილების მოთვინიერებას", — აღნიშნა კოტიმ.
მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა იმითაა გამორჩეული, რომ ის ადამიანის ევოლუციის ქრონოლოგიაში არსებული ხარვეზის ამოვსებაში გვეხმარება, რაზეც მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში მუშაობენ. შესაძლოა, ამ იარაღებისა და იმავე ტერიტორიის გარშემო არსებული გამოქვაბულების სამომავლო შესწავლამ უფრო მეტი გვითხრას გადაშენებულ ადამიანთა სახეობებზე, რომლებიც ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობდნენ და ავხსნათ კიდეც კაცობრიობის წარმოშობის საიდუმლო.