რუსული ნავთობსადენის „დრუჟბა“ პოლონეთის მონაკვეთზე ჰერმეტულობა დაირღვა. ამის შესახებ ინფორმაცია მილსადენის პოლონეთის მონაკვეთის ოპერატორი კომპანიის PERN ოფიციალურ საიტზე ოთხშაბათს გამოქვეყნდა.
„სამშაბათს, გვიან საღამოს, PERN –ის ავტომატურმა სისტემებმა ნავთობსადენზე „დრუჟბა“ ჰერმეტულობის დარღვევა აღმოაჩინეს. დაზიანების მონაკვეთი ქალაქ პლოცკიდან 70 კილომეტრში მდებარეობს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღნიშნული მონაკვეთიდან რუსული ნავთობი გერმანიას მიეწოდება.
მომხდარის მიზეზები ამ დროისთვის არ დაუდგენიათ. დაზიანებული მონაკვეთი გამორთულია, ხოლო მეორე მილი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
„შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ PERN–ის სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მათი ამოცანაა ვითარების შეფასება, ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აღდგენითი სამუშაოების წარმოება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსულ „ტრანსნეფტში“ აცხადებენ, რომ მილსადენით პოლონეთს ნავთობი კვლავაც მიეწოდება.
ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის სამარის ოლქში იღებს სათავეს და პოლონეთის, გერმანიის, უკრაინის, ბელარუსის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიებზე გადის მისი განშტოებები.
წყარო: /gbc.ge