პოლონეთისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PKN Orlen-მა რუსულ Татнефть-თან კონტრაქტი გაწყვიტა.
ამის შესახებ განცხადება პოლონური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ობაიტეკმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Дружба-ს ნავთობსადენში ნავთობის მიწოდება თებერვალში მას შემდეგ შეწყდა, რაც პოლონეთმა უკრაინას პირველი ლეოპარდის ტანკი მიაწოდა.
პოლონეთმა პირობა დადო, რომ რუსული ნავთობის გამოყენებას 2022 წლის ბოლომდე შეწყვეტდა, როდესაც Orlen-ს Роснефть-თან კონტრაქტი ამოეწურებოდა. Татнефть-თან ხელშეკრულებას ვადა 2024 წელს იწურებოდა.
„ეს კონტრაქტები აღარ არსებობს. Роснефть-თან კონტრაქტი იანვარში ამოიწურა და არ განვაახლეთ. მეორე კონტრაქტი Татнефть-თან - მას შემდეგ, რაც ნავთობის მიწოდება შეწყდა, ხელშეკრულების გაწყვეტაზე კამათი გვქონდა. ამის საფუძველზე ჩვენ ეს ხელშეკრულება ჯარიმების გარეშე გავწყვიტეთ“, - განაცხადა დანიელ ობაიტეკმა.
მისი თქმით, კონტრაქტი Татнефть-თან რამდენიმე დღის წინ გაწყდა.