უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის შესაჩერებლად. მისი აზრით, აგრესორის წინააღმდეგ სანქციები ჯოჯოხეთური უნდა იყოს. ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პოროშენკომ განაცხადა.
„ჯერჯერობით, ჯოჯოხეთი აქ არის უკრაინაში და არა რუსეთში. ყოველდღე უნდა იყოს ახალი სანქციები! ყოველი ყოყმანის დღე ათეულობით უკრაინელის სიცოცხლეს შეიწირავს. ჩამოაშორეთ ყველა რუსული და ბელორუსული ბანკი SWIFT-ს. აკრძალეთ ენერგეტიკული იმპორტი ევროკავშირში. შეწყვიტეთ ყოველდღიურად ნახევარი მილიარდი ევროს გაგზავნა რუსეთში“, - განაცხადა პოროშენკომ.
მან ასევე მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს აგრესორ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ერთიანობისკენ და აღნიშნა, რომ დღეს უკრაინამ აჩვენა ნამდვილი ერთიანობის მაგალითი.
„ერთობა და მონდომება დღეს ძალზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა, მე და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს ერთიანები, უკრაინისთვის ბრძოლაში გაერთიანებულები ვართ“, - განაცხადა პოროშენკომ.
მან მოუწოდა მოკავშირეებს, რაც შეიძლება მალე დაკეტონ უკრაინის საჰაერო სივრცე ან მიაწოდონ არმიას თვითმფრინავები და სარაკეტო თავდაცვის აღჭურვილობა. პოროშენკომ ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებს პუტინის იზოლირებისკენ მოუწოდა.
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არის უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის გარანტი, ასევე რუსული სამყაროს სამარცხვინო პროექტის ფიასკო“, - დაასკვნა პოროშენკომ.
rbc.ua