გერმანული ავტომწარმოებლის Porsche-ს საოპერაციო მოგება 2022 წელს 27,4%-ით და 6,8 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს. მისი შემოსავალი წელიწადში 13,6%-ით, 37,6 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, ამის შესახებ Forbes-ი წერს.
კომპანიის ფინანსური შედეგები 2022 წლისთვის საუკეთესო იყო მის ისტორიაში, განაცხადა Porsche-ს თავმჯდომარემ ოლივერ ბლუმმა, მისი სიტყვები ციტირებულია შეტყობინებაში. უკრაინაში ომის, კორონავირუსული პანდემიის გამოწვევებისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების მიუხედავად, კომპანიამ 309,884 მანქანა მიაწოდა თავის მომხმარებლებს გასულ წელს, ნათქვამია განცხადებაში.
მიწოდებული მანქანების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა. წარმატების ფაქტორები იყო გაუმჯობესებული ფასების პოზიციონირება, მოდელების ძლიერი ასორტიმენტი, გაყიდვების გაზრდა, სავალუტო კურსის გავლენა და მკაცრი ხარჯების დისციპლინა, ამბობს Porsche-ს მართვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლუც მეშკე.
Bloomberg-ის მონაცემებით, წარმატებული ანგარიშის მიუხედავად, Porsche-ს აქციები ბირჟაზე 2,72%-ით დაეცა. 13 მარტისთვის კომპანიის აქციები 55,08 ევრო ღირდა, 1,54 ევროთი ნაკლები, ვიდრე 10 მარტს ვაჭრობის დახურვისას. როგორც Financial Times-ი წერს, 13 მარტის ვაჭრობის დროს აქციები კიდევ უფრო, დაახლოებით 5%-ით დაეცა.
ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ინვესტორებმა უკვე გაითვალისწინეს კომპანიის კარგი შედეგები ფასიანი ქაღალდების ღირებულებაში, ვინაიდან პორშეს მშობელმა კომპანიამ - Volkswagen Group - 3 მარტს განაცხადა, რომ გაიზარდა მოგება გადასახადამდე თითქმის 10%-ით , 22,5 მილიარდ ევრომდე, წერს გამოცემა.