პორტფელი, რომელიც ბრენდებს ჰქონდათ ჩვენს რეგიონში, გადათამაშდება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებელმა და „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.
ბიზნესმენი გაყიდვების ზრდაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პანდემიური პროცესების დასრულების შემდეგ, სტაბილური ზრდაა და სექტორი საკმაოდ ახლოსაა 2019 წლის მაჩვენებელთან..
„ჩვენი სპეციფიკა ძირითადად საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, ამიტომ რუსეთ-უკრაინაზე ქართული ბაზარი არ ყოფილა დამოკიდებული. ამიტომ მოწოდების ჯაჭვებზე და პროდუქციით მომარაგებაზე ომს გავლენა არ ჰქონია. ამ ქვეყნებიდან 15-20% შემოდიოდა მხოლოდ და ამის ჩანაცვლება და გადალაგება მარტივად მოხდა. ამ ჭრილში მიწოდების შეწყვეტას ჩვენს სექტორზე ასახვა დიდად არ ჰქონია.
რაც შეეხება გაყიდვებს, პანდემიური პროცესების დასრულების შემდეგ, სტაბილური ზრდაა. საკმაოდ ახლოს ვართ 2019 წლის მაჩვენებელთან. გაყიდვების ზრდა შესამჩნევია“, - ამბობს ყარალაშვილი.
ყარალაშვილმა ის შესაძლებლობებიც განიხილა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ბრენდების სანქცირებული ქვეყნებიდან გასვლა აჩენს. მისი თქმით, გადათამაშება უთუოდ მოხდება, თუმცა არა მოკლე ვადებში.
„ჯერ ადრეა ფეშენ ინდურსტრიასა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ახალი ბრენდების შემოსვლაზე საუბარი. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და წელს, სიმართლე გითხრათ, არც ველოდებით, რადგან ერთის მხრივ მიმდინარეობს პოსტპანდემიური შოკების გაანალიზება და მეორეს მხრივ, მიმდინარე ომზე და გავლენებზე დაკვირვება. პორტფელი, რომელიც ბრენდებს ჰქონდათ ჩვენს რეგიონში, გადათამაშდება, მაგრამ წელს, არ მგონია რომ რაიმე ფორმით იყოს ხელშესახები. როგორც წესი, ბიზნესი, ასე სწრაფად არ ქედებს“, - განაცხადა ყარალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.