პრინცმა ჰარიმ 10 იანვარს თავისი მემუარების წიგნის „სათადარიგოს“ (Spare) გაყიდვებით რეკორდი მოხსნა და პირველ დღეს აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში 1,4 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაყიდა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
Times-ის ცნობით, ეს გამომცემლობა Penguin Random House-ის ყველაზე კარგად გაყიდული არამხატვრული წიგნია, რომელმაც გაყიდვებით 2020 წელს გამოსულ ბარაკ ობამას „აღთქმულ მიწას“ გადაუსწრო. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წიგნი ერთ დღეში 887 000 ეგზემპლარი გაიყიდა.
ასეთი გაყიდვებით პრინცი ჰარის წიგნი შესაძლოა წლის ბესტსელერად იქცეს.
ცნობილია, რომ წიგნში ჰარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის სკანდალურ დეტალებზე წერს. სახელწოდებიდანვე (Spare – „სათადარიგო“) ჩანს, რის შესახებ იქნება მემუარები. პრინცი რამდენიმე ეპიზოდში საუბრობს, რომ ტახტის მემკვიდრე მისი ძმაა, ხოლო თვითონ სათადარიგო და სამეფო ტახტს იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ მის ძმას რაიმე შეემთხვევა.
წიგნზე დიდი მოთხოვნაა amazon-ზე. ონლაინ პლატფორმაზე მისი ფასი 22.42 დოლარია.