მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ბოლომდე, მელიორაცია-ირიგაცია რეგულირებას დაექვემდებარება. პროცესის წარმართვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას დაევალა, რაც გულისხმობს სატარიფო რეგულირებას, ტარიფების გადათვლა-გადახედვას და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავებას.
Agro Solutions Group-ის დირექტორმა დიანა ბერიამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში მთავრობის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სექტორში პრობლემების მოგვარების კუთხით პოზიტიური დინამიკაა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა წყლის რესურსების მენეჯმენტი და ფერმერებამდე ინფორმაციის სწორად და გასაგებად მიტანაა.
„დღეს ფერმერების მთავარი პრობლემა არის ის, რომ გადასახადს იხდიან, მაგრამ იმ რაოდენობის წყალი მაინც არ აქვთ, რაც სჭირდებათ. პრობლემა წყლის რესურსების მენეჯმენტშია. ბუნებრივ რესურსს სწორი და გონივრული მართვა სჭირდება და ამას სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
ფერმერებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა რაოდენობის წყალი უნდა გამოიყენოს. დღეს მიიჩნევა, თუ მეტ წყალს მიაწოდებ მცენარეს - უმჯობესია, მაგრამ ეს ასე არ არის. სიახლეების შესახებ მარტო ინფორმაციის მიწოდება საკმარისი არ არის, ფერმერს უნდა გავაგებინოთ, როგორ მართოს პროცესი. ეს ბუნებრივ რესურსსაც დაზოგავს და მოსავალსაც გაზრდის. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ავუხსნათ ფერმერებს, რატომაა აუცილებელია წყლის რესურსებზე ფასის დაწესება,“ - განაცხადა დიანა ბერიამ.
დიანა ბერია მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია სოფლის მეურნეობაში დარგის განვითარების ერთადერთო გზაა. სიახლეებისთვის ღია უნდა ვიყოთ, რადგან ამ მიმართულებით მუშაობა დღეს თუ არ დავიწყეთ, რამდენიმე წელში უფრო გაგვიჭირდება.