რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2015-2017 წლების დოკუმენტაციების მიხედვით ჩატარებულმა აუდტიტმა ტენდერების, წამლების გაცემისა და შრომის ანაზღაურების მიმართულებით რამდენიმე დარღვევა გამოავლინა. ხშირ შემთხვევაში შესყიდული პროდუქციის მოცულებები აღემატებოდა კლინიკის საჭიროებებს, დარღვეული იყო ხელფასებიც გაცემის წესიც.
კომპანიამ 2015-2017 წლების ფინანსებით 37.2 მლნ ლარის ღირებულების 1272 შესყიდვა განახორციელა, საიდანაც ტენდერით შესყიდვების მოცულობამ 96.5% შეადგინა, დანარჩენი გამარტივებულმა შესყიდვამ. აუდიტის ჯგუფმა შერჩევით 21.7 მლნ ლარის ღირებულების 131 ელექტრონული ტენდერი შეისწავლა.
რესპუბლიკურმა საავადმყოფომ განსაზღვრულ პერიოდში შესყიდვების ნახევარზე მეტის, 52%-ის ათვისება ვერ მოახერხა. აუდიტის შეფასებით კლინიკის მიერ შესყიდვების ინდივიდუალური დაგეგმვისას სათანადოდ არ ხორციელდებოდა ბაზრის კვლევა, რაც დაბალ კონკურენციას, ტენდერების უშედეგოდ დასრულებას და საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მაღალ ფასად შესყიდვის რისკს წარმოშობდა. ზოგ შემთხვევაში ტენდერის გაჭიანურება არამიზნობრივ ხარჯებს იწვევდა. ექოსკოპიის აპარატის შესყიდვას კლინიკამ 10 ტენდერი და 22 თვე მოანდომა, რა დროსაც მსგავსი ტიპის აპარატის იჯარაში კომპანიამ 76 ათასი ლარი გადაიხადა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევით კლინიკის დირექტორმა, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, 12 შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, არ გააკეთა თვითაცილება და მონაწილეობა მიიღო საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შერჩევა-შეფასებაში. მათ შორის, ოთხ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდნენ ისეთი კომპანიები, რომელთა დირექტორებსა და კლინიკის დირექტორს შორის არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, რაც წარმოქმნის არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკს. აღნიშნული ქმედების გამო, კლინიკის დირექტორი თითოეულ შემთხვევაში 1500 ლარით დაჯარიმდა.
შემოწმებისას პრობლემები C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმართულებითაც გამოიკვეთა. კერძოდ: მედიკამენტების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ბეჭდით არ იყო დამოწმებული. 14 პაციენტის მიერ 36 შემთხვევაში დარღვეული იყო კლინიკიდან მედიკამენტების მიღების პროგრამით დადგენილი წესები, რის გამოც აღნიშნული პაციენტების მიმართ უნდა გამოყენებულიყო მედიკამენტების გაცემის განსხვავებული მეთოდი, რაც არ განხორციელებულა. რამაც თავის მხრივ პაციენტის მხრიდან მედიკამენტების არამიზნობრივად გახარჯვის რისკი გაზარდა.
აუდიტის დასკვნის თანახმად კლინიკაში არ არსებობს კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფდა თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების დარიცხვას და გადახდას დირექტორის ბრძანებების შესაბამისად. გადაუმოწმებელი სახელფასო უწყისების გამო, იზრდება არაავტორიზებული ხელფასის გაცემის რისკი. გარდა ამისა შრომის კოდექსის მოთხოვნები ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ კლინიკაში დაცული არ არის. შრომით ხელშეკრულებებში არ არის მითითებული ანაზღაურების თანხა, რის გამოც იზრდება არაავტორიზებული ხელფასის გაცემის რისკი.
კლინიკამ 6 გათავისუფლებულ თანამშრომელს ჯამურად 20 200 ლარის ოდენობის ხელფასი ზედმეტად გადაუხადა. პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ ერთ თანამშრომელს კი 4000 ლარი. ორივე შემთხვევაში კანონი თანხების უკან, კლინიკის ანგარიშზე დაბრუნებას ითვალისწინებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით პრობლემები საყოველთაო ჯანდაცვის სფეროშიც არსებობდა. 2015-2017 წლებში კლინიკის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცალკეული სამედიცინო შემთხვევა არ სრულდებოდა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით, რის შედეგად სააგენტომ ორგანიზაციას პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება არ აუნზღაურა. არასათანადო მენეჯმენტის გამო, კლინიკამ 787 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.
შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე რესპუბლიკური საავადმყოფო 1973 წელს დაარსდა. კლინიკა ნევროლოგიის, არითმოლოგიის, კარდიოლოგიის, ოტორინონარინგოლოგიის, გინეკოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, ლაზეროთერაპიის, ტრამვატოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, ალერგოლოგიის, ოფთალმოლოგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ქირურგიის, ნეფროლოგიის, პროქტოლოგიის, რეანიმაციის, უროლოგიის, ანგიოლოგიის, დიაგნოსტიკისა და ლაბორატორიის მიმართულებებს აერთიანებს.
გიორგი ელიბარაშვილი