„გასულ წელთან შედარებით, რძის პროდუქტებისა და კვერცხის ფასის ზრდის გამო წელს პასკის თვითღირებულება 15%- ით არის გაძვირებული, შესაბამისად ეს ზრდა აისახა ჩვენი პროდუქციის ფასებზეც - მაგალითად, გასულ წელს 600 გრ. მორთული პასკის ღირებულება ჩვენთან 24 ლარი იყო, წელს - 28 ლარია.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ საკონდიტრო სტუდიის MaiBee Bakery-ს დამფუძნებელმა და კონდიტერ-დიზაინერმა მაია ბეგიაშვილმა უთხრა, მისივე თქმით წელს მომხმარებელი სააღდგომო დღესასწაულისთვის ძალიან აქტიურად ემზადება.
„გასულ წლებთან შედარებით წელს უფრო მაღალია ინტერესი. ამასთან, ზოგიერთი მომხმარებელი წინასწარ სადეგუსტაციოდაც გვიკვეთავს პასკებს. პროცენტულ ზრდაზე ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რადგან ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ შეკვეთებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წელს სააღდგომო სამზადისი ადრე დაიწყო და მომართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია, ველოდებით გაყიდვების ზრდას.
ასევე გვყავს კორპორატიული მომხმარებლებიც, გვყავს ერთგული შემკვეთები - ის კომპანიები, რომლებიც ჩვენს პროდუქციას იცნობენ და უკვე ყოველწლიურად გვიკვეთავენ სასაჩუქრე პასკებს. ყოველთვის ვცდილობთ პროდუქცია მოვარგოთ მათ ინტერესებს და რაოდენობიდან გამომდინარე ხშირად ვთავაზობთ გარკვეულ ფასდაკლებას. ასევე, უზრუნველვყოფთ მიწოდების სერვისსაც. ძირითადად წინასწარ შეკვეთით ვმუშაობთ. გვაქვს მცირე მეწარმის სტატუსი, შესაბამისად, არსებული რესურსით პროდუქციას მასიურად ვერ ვაწარმოებთ, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა დროულად მოგვმართოს.“ - აღნიშნა მაია ბეგიაშვილმა.
ბეგიაშვილის თქმით MaiBee Bakery მომხმარებელს ნატურალური ინგრედიენტებით, ორი სახის ყურძნის ჩირით და საკუთარი რეცეპტით დამზადებული ფორთოხლის ცუკატებით მომზადებულ პასკებს სთავაზობს, მისვე თქმით წელს გაყიდვაში 600-გრამიანი და 1-კილოგრამიანი პასკებია. კომპანია მომხმარებელს გამორჩეულ გემოსთან ერთად განსხვავებულ მორთულობასაც სთავაზობს.