„სურსათით მომარაგების კუთხით ყველაფერი წესრიგშია“ , ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით დღეისათვის, საქართველოში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არსებობს.
„ჩვენ იმპორტიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ყველამ ერთად ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, აბსოლუტურად არასაჭიროდ, მარაგების შექმნის მიზნით განახორციელა შესყიდვები. რეალურად არანაირი შეფერხება არ არსებობს, შემოდის როგორც შაქარი, ასევე სხვა პროდუქტები, ეს პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მითუმეტეს შაქარი არ შემოგვაქვს არც რუსეთიდან და არც უკრაინიდან, შესაბმისად აჟიოტაჟს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. არც ხორბალთან მიმართებით ველოდებით შეფერხებებს, ჯერჯერობით არსებობს ქვეყანაში შესაბამისი მარაგები, როგორც ხორბლის ასევე ფქვილის. ვაკვირდებით მოვლენებს, ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და იმპორტიორებთან. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ შესაბამისი ბაზრების და კონტაქტების მოძიების პროცესში, იმ ბაზრებზე, საიდანაც შესაძლებელია მომავალში საჭირო გახდეს კონკრეტული პროდუქციის შემოტანა. თუმცა, დღესდღეობით ამ მიმართულებით ჩვენ ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ, პროდუქციის მომარაგების კუთხით ყველაფერი წესრიგშია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ