ლარი მძიმე მდგომარეობაშია - ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მხოლოდ ერთ დღეში, 7 მარტს, 12.5 თეთრით გაუფასურდა. არასტაბილურია გაცვლითი კურსი გამო უახლოეს მომავალში მომხმარებელს დახლებზე პროდუქტები გაძვირებული ფასებით დახვდება. „დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის“ ხელმძღვანელს ივა ჭყონიას მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარების გამო არ აქვს იმედი, რომ ეროვნული ვალუტა დასტაბილურდება. ბიზნესმენი აცხადებს, რომ რითეილ სექტორს უარყოფითი მოლოდინი არა მხოლოდ ლარის მკვეთრ გაუფასურების, არამედ ნავთობის გაზრდილ ღირებულების გამოც აქვს.
„არ მგონია ლარის კურსი დასტაბილურდეს, რადგან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა ექსპორტზე. ექსპორტის ნაწილში რუსეთსა და უკრაინას არც თუ ისე პატარა წილი აქვს. პრობლემები თავისთავად შეიქმნება, შესაბამისად მოლოდინებიც არ გვაქვს დადებით. ეს პროცესი ფასებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. პროდუქტის ღირებულებაზე ასევე ნეგატიურად აისახება საწვავის ფასი, რომლის ფასიც დღეს 127 დოლარია. საგრძნობლადაა გაზრდილი საერთაშორისო გადაზიდვების ფასიც. ეს ბევრი კომპონენტი ერთად აღებული საბოლოო ჯამში პროდუქტის ფასს ურტყამს“, - აცხადებს ივა ჭყონია.
უკრაინიდან სურსათის იმპორტი შეჩერებულია, ხოლო რუსეთში შეფერხებულია ფულადი გადარიცხვები. ივა ჭყონია გვიყვება, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსულ სასურსათო პროდუქციას ქართული ბაზრის 60%-ზე მეტი წილი უკავია. ამის მიუხედავად „დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქართულ ბაზარს პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, კომპანიები აქტიურად მუშაობენ სხვა, ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე. როგორც ივა ჭყონია ამბობს, ყველაზე აქტიურად თურქეთი განიხილება.
„ქვეყანაში გარკვეული მარაგები არის, მაგრამ პროდუქტები, რომელიც უკრაინიდან შემოდიოდა - წიწიბურა, ზეთი, ფქვილი და ასე შემდეგ, სამწუხაროდ, აღარ შემოდის. ამ ეტაპზე რუსეთიდან იმპორტზე შეფერხება არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით ფულად გადარიცხვებს, რაც გაპრობლემდა. რა თქმა უნდა, პარალელურად მიდის ალტერნატიულ ბაზრებზე მუშაობა, საიდანაც შევძლებთ პროდუქტების წამოღებას. ეს ცალსახად ნეგატიურად აისახება ჩვენს ბაზარზე იმიტომ, რომ გაცილებით ძვირი ეღირება. ყველაზე აქტიურად თურქეთი განიხილება, რადგან ახლოსაა. აგრეთვე განიხილება ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებით, ლოგისტიკის ნაწილში პროდუქციის შემოტანა საკმაოდ ძვირი იქნება. აქედან გამომდინარე, მოლოდინები არასახარბიელო გვაქვს, თუმცა, დეფიციტის საფრთხე არ გვემუქრება. შეიძლება რაღაც დასახელების ზეთი ვერ ნახოთ, მაგრამ ნახავთ სხვას. მაგალითად დღეს გავიგეთ, რომ „ნემიროვის“ და „სანდორას“ ქარხნები გაჩერებულია. თუ ვერ ნახავთ არაყ „ნემიროვს“ შეგხვდებათ სხვა. ალტერნატივა ყოველთვის არის, ის რომ რომელი პროდუქტი, მაგალითად წიწიბურა ან ბრინჯი დეფიციტში იყოს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, უბრალოდ მივიღებთ შეცვლილი ფასით“, – განმარტავს ივა ჭყონია.
კომერსანტი