ISET-ის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე დავით კეშელავამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ უარყოფით ეკონომიკურ ეფექტებზე - ფასების ზრდასა და ინფლაციაზე ისაუბა. მისი თქმით, უკრაინა და რუსეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებლები იყვნენ და ომმა მიწოდების არხების გამართული მუშაობა შეაფერხა, რამაც დანახარჯების და შემდეგ კი, პროდუქტების ფასების ზრდა გამოიწვია.
„ომის დაწყებიდან მსოფლიოში საკვების ფასები გაიზარდა. FAO-ს ინდექსს თუ დავაკვირდებით, ფასების წლიური ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. ეს იმით იყო განპირობებული, რომ უკრაინა და რუსეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმწოდებლები იყვნენ და ომმა შეაფერხა ეს ყველაფერი და მეორე - საომარი მოქმედებების გამო რამდენიმე პორტი დაიკეტა და შეიცვალა მიწოდების არხები, რომელთა გამოყენებითაც ხდებოდა საკვების მიწოდება სხვადასხვა ქვეყნებისთვის. ამან მოგვცა ის, რომ ახალი გზებით მიწოდებას უფრო მეტი დრო სჭირდებოდა და უფრო მეტ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული და ეს იყო ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი.“ - განაცხადა დავით კეშელავამ.
მისი თქმით, 2022 წლის მეორე ნახევარში მიწოდების არხებმა აღდგენა დაიწყო და, FAO-ს ინდექსით, 2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში ინფლაცია შემცირებულია, რაც ქართულ ბაზარზეც აისახება.
„2022 წლის მეორე ნახევარში მიწოდების არხებმა აღდგენა დაიწყო, იპოვეს შემოვლითი გზები და ამ კომპონენტის გავლენა ინფლაციაში თანდათან შესუსტდა. FAO -ს ინდექსს თუ დავაკვირდებით, 2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში შემცირებულია ფასების ინფლაცია, რაც ქართულ ბაზარზეც აისახება და ინფლაციის მაჩვენებელი ისეთი მაღალი არ იქნება, როგორც იყო.
აღსანიშნავია საწვავის ფასების ინდექსიც. ომის დასაწყისში საწვავის ფასები გაიზარდა, მაგრამ შემდეგ საწვავის ფასებმაც დაიწყო დასტაბილურება და წლის ბოლოსთვის მნიშვნელოვნად შემცირდა“, - განაცხადა დავით კეშელავამ.