ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გასაყიდად გამოტანილი ობიექტები განმეორებით აუქციონზეც ვერ გაყიდა. დღეს გამართულ აუქციონზე 14-დან12 ობიექტი იყო გამოტანილი, რომლის შეძენის სურვილიც არავინ დააფიქსირა და შესაბამისად არ გასხვისებულა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში 14-დან 2 ობიექტი 4 აგვისტოს გასხვისდა, ხოლო დარჩენილ 12 ობიექტზე შეძენის სურვილი არავის დაუფიქსირებია.
შესაბამისად ამ დროისათვის 14 ობიექტიდან ინვესტორი ჰყავს ყოფილ სანატორიუმ „მედეას“ და „თბილისს“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ - შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“.
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ მთავრობის მიერ დაანონსებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე 14 სანატორიუმის გაყიდვას და შემდგომ რეაბილიტაცია/აშენებას ითვალისწინებს.
ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.
პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის განხორციელების შედეგად, წყალტუბო გახდება მსოფლიო დონის კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს. წყალტუბო დამსვენებლებს შესთავაზებს არა მხოლოდ უნიკალურ თერმულ წყლებს, არამედ დასვენების უმაღლეს ხარისხს, ეკოლოგიას და ბუნების ძეგლებს.