არასამთავრობო ორგანიზაციის „პროგრესის ცენტრის“ ორგანიზებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება - „ღირსეული მინიმალური ხელფასი შრომის ღირსეული ანაზღაურების საფუძველია“.
აქციის მიზანია ქვეყნის აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ორგანომ დაიწყოს მუშაობა მინიმალური ხელფასის გაზრდის პოლიტიკაზე. როგორც ცნობილია, საქართველოში დღემდე მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულება, რომლის მიხედვით თვიური მინიმალური ხელფასის ოდენობა 20 ლარით არის განსაზღვრული.
„სამარცხვინოა, რომ დღემდე საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია. გამოდის, რომ ჩვენი მოქალაქეების შრომის საფასური საათობრივად 0.01 ცენტს შეადგენს. სამწუხაროდ, ხშირად თვიური ხელფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე საარსებო მინიმუმი, რადგან დამსაქმებელს არ აქვს სამართლებრივი ვალდებულება, რომ დაიცვან ადამიანის არსებობის უფლება. ამიტომ ვხედავთ ყოველდღიურად საპროტესტო აქციებს ღირსეული შრომის ანაზღაურების მოთხოვნით. დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელ ჩვენ პროტესტს აუცილებლად მოჰყვება შედეგი და ხელისუფლება დაიწყებს მუშაობას მინიმალურ ხელფასის ღირსეული ოდენობის განსაზღვრაზე. დღევანდელი მსვლელობა იქნება პირველადი გაჟღერება იმისა, რომ ჩვენ ამ თემაზე ვიწყებთ აქტიურობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლებამ გაიგოს ხალხის ხმა“, - განაცხადა ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ პროექტის „მინიმალური ხელფასისთვის“ კოორდინატორმა ირაკლი ბუცინაშვილმა.
აქციას „ღირსეული მინიმალური ხელფასისთვის“ პარტია „ხალხისთვის“ შეუერთდა.
„ღირსეული შრომითი ანაზღაურება პირდაპირ არის დაკავშირებული ღირსეულ მინიმალურ ხელფასთან. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა, რომ საქართველოში დაიწყოს მინიმალური ხელფასის განსაზღვრის პოლიტიკაზე მუშაობა. შრომის ღირსეული ანაზღაურება არის ჩვენი საზოგადობის დაკვეთა და ეს არის გაზ იმისთვის, რომ საქართველო რეალურად დადგეს ევროპული ქვეყნების გვერდით, სადაც ღირსეული მინიმალური ხელფასი დიდი ხანია მკაცრად არის დადგენილი და იგი სწორედ ადამიანის შრომით უფლებებზეა მორგებული.
იმისთვის, რომ ყოველდღიურად არ ვხედავდეთ საპროტესტო აქციებს - ექთნების, სასწრაფოს ექიმების და ა.შ., შრომის ღირსეული ანაზღაურებისთვის, უნდა შევქმნათ მუხტი და გავერთიანდეთ ყველა - არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები, პროფკავშირები. ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება გააკეთოს ყველაფერი, რომ ჩვენ ქვეყანაში დასაქმებულების უფლება ყოველთვის და ყველგან იყოს დაცული,“ - აღნიშნა პარტია „ხალხისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნინო წულაძემ.