ფრანგული ვებგვერდი le10sport-com-ი წერს, რომ PSG მზადაა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 180 მლნ ევრო გადაიხადოს.
„წარმოუდგენელი სიახლე გავრცელდა პარიზულ კლუბთან დაკავშირებით, რომელიც „ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველის შესაძენად შეთავაზებას ამზადებს. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში ბრწყინვალე თამაშით, პირველივე სეზონში უამრავი გუნდი დააინტერესა. ის სულ უფრო ხშირად ხდება დიდი ევროპული კლუბების სამიზნე.
ქართველი ვარსკვლავი PSG-ს ინტერესთა სფეროშიც მოხვდა. ფრანგულმა კლუბმა „ნაპოლის“ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაძლოა, წარმოუდგენელი თანხა – 180 მლნ ევროც კი გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში ეს ტრანსფერი „ნაპოლს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოგების საშუალებას მისცემს, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ, კვარაცხელია გუნდში დაახლოებით 10 მლნ ევროდ გადავიდა.
ქართველის მიმართ ინტერესს სხვა მსხვილი ევროპული კლუბებიც იჩენენ. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში უკვე 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა“, – წერს ფრანგული ვებგვერდი.