„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის. მისი განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო მზადაა, სუბსიდირების პროგრამა აამოქმედოს.
სილაგავას თქმით, ხორბლის მოძიება სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარეობს.
„ყაზახეთიდან, ახლა, დაახლოებით, 10 ათასი ტონა ხორბალი მოდის. კიდევ 10 ათასი ტონის გამოსაგზავნის მიზნით კონტრაქტი ხელმოსაწერად მზად არის.
მეპურეებმა განაცხადეს, რომ მათთან არის, დაახლოებით, ერთ თვიანი მარაგი ფქვილის სახით, ჩვენ გვაქვს ერთ თვიანი მარაგი ხორბლის სახით. ეს მაჩვენებლები გაეროს რეკომენდაციაში ჯდება. შესაბამისად, ხარჯვის პარალელურად ამის შევსება უნდა მოხდეს. ეს მოხდება ყაზახეთიდან. ასევე განიხილება რუმინეთი. გრძელვადიან პერსპექტივაში კი განიხილება ამერიკის შეერთებული შტატები. აქ უკვე თავად სახელმწიფო ელაპარაკება სახელმწიფოს. თუ კი ერთი თვის, ან თვე-ნახევრის შემდეგ, ხორბლისა და ფქვილის ღირებულება პურის ფასზე იმოქმედებს, სახელმწიფო აამუშავებს სუბსიდირების პროგრამას, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. მათ ამის შესახებ შეხვედრებზე განაცხადეს. შესაბამისად, პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.
„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, პირველი ივნისიდან საქართველო ხორბლის ახალ მოსავალს აიღებს, რაც ქვეყანას 2 თვიანი მარაგის გაკეთებაში დაეხმარება და ვითარებას უფრო დააბალანსებს.