დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სატელეფონო საუბრის გამართვა ამერიკულმა მხარემ ითხოვა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მანამდე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ორ პირს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართებოდა, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებია. ბაიდენი-პუტინის ბოლო საუბარი დეკემბრის ბოლოს შედგა.
ამასთან, დღესვე იგეგმება ვლადიმერ პუტინის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის შესაძლო შემდგომი აგრესიის მზარდი საფრთხის ფონზე.
"მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას მოჰყვება სწრაფი, მძიმე და ერთიანი შედეგები. მდივანმა აცნობა გლობალურ ძალისხმევაზე დეესკალაციის მოთხოვნისა და თავდაცვისა და შეკავების ზომების გაძლიერების შესახებ, რუსეთის პროვოცირებული და უწყვეტი ჯარებისა და აღჭურვილობის მობილიზების წინააღმდეგ უკრაინასა და მის საზღვრებთან. მან დაადასტურა, რომ უკრაინას აქვს შეერთებული შტატების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - აღნიშნა პრაისმა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"