ამ მომენტისთვის პუტინის იმპიჩმენტს (თბილისის დროით 18:30 საათის მონაცემები) რუსეთის 135 960 მოქალაქე ითხოვს.
პეტიციის ხელმომწერთა რიცხვი მუდმივად იზრდება: თბილისის დროით 14:00 საათის მონაცემებით პუტინის იმპიჩმენტს ხელს აწერდა რუსეთის 106,988 მოქალაქე. დილის 9 საათისთვის კი პეტიციას ჰყავდა 50 ათასზე მეტი ხელმომწერი.
საქმე ისაა, რომ ინტერნეტში გამოჩნდა პეტიცია რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით. ის მოქალაქეები, ვინც თვლის, რომ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ომის დაწყება გაუმართლებელი იყო, ხელმოწერებს აგროვებენ change.org-ზე განთავსებულ პეტიციაზე პრეზიდენტის გადასაყენებლად.
პეტიციის ავტორი და მასზე ხელმომწერები თვლიან, რომ პუტინი ანადგურებს როგორც უკრაინას საომარი მოქმედებებით, ასევე მუდმივად იზოლაციისთვის წირავს რუსეთს, რომელსაც უკვე დაეკისრა მკაცრი სანქციები უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო. აქედან გამომდინარე და კონსტიტუციაზე დაყრდნობით, ისინი ფიქრობენ, რომ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნისთვის.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთის არმია უკრაინის დედაქალაქს და მსხვილ ქალაქებს უტევს - ბომბავს ჰაერიდან, იმართება შეტაკებები ხმელეთზეც. ომის დაწყების გამო ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველდღიურად ამკაცრებენ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს.