რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს ქვეყნების არაფორმალური სამიტის მონაწილეებს თანამეგობრობის სიმბოლოთი გაფორმებული ბეჭდები გადასცა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
თითოეულ ბეჭედზე, რომელიც თეთრი და ყვითელი ოქროს მსგავსი მეტალითაა დამზადებული, დატანილია დსთ-ს სიმბოლო და წარწერა გილოცავთ 2023 წელს, ამასთან ბეჭედზე მითითებულია ქვეყნის სახელი, სადაც სამიტი გაიმართა.
ბეჭდები მიიღეს ალექსანდრ ლუკაშენკომ, ილჰამ ალიევმა, ყასიმ ჟომარ ტოყაევმა, სადირ ჯაფაროვმა, ემომალი რახმონმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, შავკათ მირზიოევმა და ნიკოლ ფაშინიანმა.
ლუკაშენკო იყო ერთადერთი, რომელმაც ბეჭედი მაშინვე გაიკეთე. კიდევ ერთი ბეჭედი პუტინმა თავისთვის დაიტოვა.
ბეჭდებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც, მისი თქმით, ბეჭედი უბრალოდ საახალწლო სუვენირია და ამაში განსაკუთრებული არაფერია. როგორც პესკოვმა განაცხადა, პუტინი არ აპირებს ბეჭედი ატაროს.
სოციალურ ქსელებში პუტინის საჩუქარს „ბეჭდების მბრძანებლის“ 9 ბეჭედს ადარებენ, რომელიც საურონმა ხალხის დასამონებლად გამოიყენა.
დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების ტრადიციული არაფორმალური შეხვედრა 26–27 დეკემბერს პეტერბურგში გაიმართა.