პუტინმა, ისრაელის პრემიერ მინისტრ ნაფტალი ბენეტს, სატელეფონო საუბრისას ლავროვის სკანდალური განცხადების გამო ბოდიში მოუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელულ მედიაზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს. 2 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელი უკრაინაში ნეო-ნაციზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, ჰიტლერი კი ებრაული ფესვების მქონედ მოიხსენია.
ისრაელი აშშ-ის პრაქტიკულად ერთადერთ მოკავშირედ რჩებოდა, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალური პოზიცია ეკავა. ლავროვის გამოსვლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი უკრაინას რკინის გუმბათად წოდებულ ანტისარაკეტო შეიარაღებას გადასცემდა რაზედაც 2 თვის წინ უარს აცხადებდა. არაოფიციალური ინფორმაციით მოლაპარაკებები შეტევითი იარაღის გადაცემაზეც იყო დაწყებული. პუტინის ბოდიშიც სავარაუდოდ ამ მოლაპარაკებების ჩასაშლელად იყო გათვალისწინებული.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის საუბარი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო გაგრძელდა. პუტინი ბენეტთანაც ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ მოსკოვის მიზანს მეზობელი სახელმწიფოს ოკუპაცია კი არა „დენაციფიკაცია“ წარმოადგენს. მისივე თქმით, ვითარების განმუხტვის მიზნით, უკრაინის ხელისუფლებამ აზოვსტალის დამცველებს იარაღის დაყრა უნდა უბრძანოს.
ისრაელმა იარაღზე არაოფიციალური ემბარგო 2008 წლიდან საქართველოსაც დაუწესა, სანაცვლოდ რუსეთს ირანისთვის საზენიტო-სარაკეტო S300-ების კომპლექსი აღარ უნდა გადაეცა. პირობა მოსკოვმაც შეასრულა, ოღონდ მხოლოდ 7 წლით. 2015 წელს რუსეთმა ირანს S300-ები მაინც გადასცა.