ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული შპს „ბაუ დიზაინი“ გახდა. საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის მიერ დადგენილ პრეტენდენტებს შორის საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.
კონკურსში სულ სამი კომპანია მონაწილეობდა - შპს „ბაუ დიზაინი“, შპს „არტსტუდიო-პროექტი“ და შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“.
წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა.
,,ბაუ დიზაინი“-ს ეგიდით წარმოდგენილი გუნდი მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან შედგება. საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი იტალიელი არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი მარკო არდიელი იქნება. იგი ურბანულ დაგეგმვასა და ქალაქგეგმარებაში არის სპეციალიზირებული, ასევე არის ისტორიული ქალაქების ტურისტული ინდუსტრიის სფეროში, ურბანული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INU) და იტალიის არქიტექტორთა ასოციაციის წევრი და მნიშვნელოვანი ქალათმშენებლობითი პროექტები აქვს განხორციელებული.
საპროექტო ჯგუფის კონსულტანტად მოწვეულია არქიტექტორი და კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი ფერუჩიო ტაზინატო.
ქალაქგეგმარებითი მიმართულებით მიშა ბალიაშვილი და შპს ,,ბაუ დიზაინი“-ს სპეციალისტები იმუშავებენ, ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი კი ფრედერიკ ლე ფიშუ იქნება, ეკონომიკური ჯგუფის კონსულტაციას დევიდ ნათი გაუწევს. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს ,,ვერიტას ბრაუნ კაუკასუსი/კუშმან ვაგეფილდი წარმოადგენს, გარემოს ნაწილს - გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი, ხოლო ტურიზმის ნაწილს - საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია წარმოადგენს.
ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 90 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.
გენგეგმით ის აუცილებელი ღონისძიებები უნდა განისაზღვროს, რაც კურორტს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას შეუნარჩუნებს და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.