კონცეფციის გარეშე დამტკიცებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებში, ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი გეგმის ცვლილების პროექტის განხილვითა და დამტკიცებით, გამარტივებულად განხორციელდება.
ამის შესახებ ისაუბრეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს. მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 35-მდე ქალაქთმშენებლობითი გეგმა, რომელიც კონცეფციის დამტკიცების გარეშე იქნა კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანილი.
შესაბამისად, იმ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილების განხორციელებისას დაინტერესებულ პირს/უწყებას ფაქტობრივად ევალება ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის მომზადება.
მთელი დასახლებისთვის კონცეფციის შემუშავება კი გრძელვადიანი და კომპლექსური პროცესია, საჭიროებს ფართომასშტაბიან კვლევებს და ანალიზს, რაც დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან.
მომხსენებლის თქმით, წარმოდგენილი ცვლილება სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.