საქართველოს კომერციული ბანკების მიმართ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ინტერესი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია. სპეციალისტები ამის ერთადერთ მიზეზად მაღალ საპროცენტო განაკვეთებს მიიჩნევენ და ამავე დროს საუბრობენ საფრთხეზე, რაც არა-რეზიდენტი პირების ან კომპანიების გააქტიურებას უკავშირდება. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ აღნიშნული ეროვნული ვალუტის გამყარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს და გზას უხსნის სამევახშეო კაპიტალს, რითაც ქვეყნის ინტერესები ზარალდება.
,,უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს საბანკო სექტორი აინტერესებთ მხოლოდ იმის გამო, რომ აქ მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. ამის მიზეზი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა, რაც გამყარების ნაცვლად, გაუფასურებას და უცხოური ფინანსური ორგანიზაციების ინტერესებს ემსახურება. იმის გამო, რომ ჩვენთან არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, დიდი სარგებლის მიღების მიზნით, არა-რეზიდენტები ამჯობინებენ, საქართველოში ჩადონ ფული საბანკო დეპოზიტებზე, 3%-იანი სარგებლით გაიტანონ, რის შესაძლებლობაც მათ სხვა ქვეყნებში არ აქვთ. საბოლოოდ ძალიან დიდი ფული გადის ქვეყნიდან, ცხადია, ეს ვერ მოხდებოდა, დაბალი საპროცენტო განაკვეთები გვქონდეს. მოსახლეობაც შეეცდება დეპოზიტებზე განათავსოს ლარი და ამით კურსის სტაბილურობას შეუწყოს ხელი, მაგრამ სებ-ი ასეთ ზომებს არ მიმართავს, ის ემსახურება მხოლოდ სპეკულატორის ინტერესებს და ფულის სამევახშეო კაპიტალად ქცევას. როგორც აღვნიშნე, ის პროცენტი, რომელსაც მიიღებს არა-რეზიდენტი კომპანია, პრაქტიკულად გადის ქვეყნიდან. ღია ეკონომიკაა და არ იზღუდება მოცულობა, მაგრამ სჯობდა, ეს ფული ადგილობრივ ეკონომიკას მოხმარებოდა, რის მაგივრადაც სებ-ი ყოველთვის კარს უღებს უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც შემოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი სარგებელი მიიღონ, - ამბობს ნიკა შენგელია.
მისი შეფასებით, ეპიდემიურ პერიდში არარეზიდენტი პირების საქართველოს ფინანსურ ბაზარზე გააქტიურება განსაკუთრებით საშიშია, რადგან ეკონომიკა ისედაც არის კრიზისში ეპიდემიური პროცესების გამო.
შეგახსენებთ, რომ ქართულ ბანკებში არარეზიდენტი მოქალაქეები და კომპანიები 5.1 მილიარდზე მეტს ინახავენ. ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საბანკო დეპოზიტების 14.8% სწორედ მათზე მოდის.
დეკემბრის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 4 მილიარდ ლარის დეპოზიტები განათავსეს ქართულ ბანკებში, რაც 19.7%-ითაა მეტი 2019 წლის მაჩვენებელზე. არარეზიდენტი კომპანიების დეპოზიტები კი ქართულ ბანკებში წლიურ ჭრილში უცვლელადაა შენარჩუნებული და 1.06 მილიარდ ლარს უტოლდება.
report.ge