25-27 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი პირველად წარადგენს ქართულ ლიტერატურას ბუენოს-აირესის 47-ე საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე - ესპანურენოვანი ლიტერატურის ამ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წელს ქართველ ავტორთა ნაწარმოებებსაც გაეცნობიან.
ამჯერად საქართველოს სტენდი ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კოლექტიური სტენდის ნაწილი იქნება, რომელზეც გამოიფინება ქართველი ავტორების უახლესი თარგმანები ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. ასევე - მწერალთა სახლის მიერ მომზადებული კატალოგები ქართველი მწერლების შესახებ.
არგენტინაში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრები არგენტინის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, პანელური დისკუსიები, რომლის მიზანიც ესპანურენოვან სამყაროში ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაზრდაა.
არგენტინელ მკითხველს და არა მხოლოდ მას, ქართულ ლიტერატურას გააცნობს სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი, მწერალთა სახლის მთარგმნელობით პროგრამას კი წარადგენს ორგანიზაციის დირექტორი ნატალია ლომოური.
ქართული სტენდი საგამომცემლო სექტორის პროფესიონალებისთვის 25 აპრილს გაიხსნება და 27 აპრილის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. ბაზრობა დამთვალიერებლებს უმასპინძლებს 27 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით.
ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დიდი წიგნის ბაზრობა ესპანურენოვან სამყაროში.
ბაზრობა სამი კვირის განმავლობაში გრძელდება და მილიონზე მეტ მკითხველს და 12 000-ზე მეტ საგამომცემლო სექტორის პროფესიონალს მასპინძლობს.
წელს ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქალაქი სანტიაგო იქნება.
2021 წელს საქართველო თავისი ეროვნული სტენდით მექსიკაში, გვადალახარის წიგნის ბაზრობაზეც იყო წარდგენილი.