„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტში სხვადასხვა პოზიციების მიხედვით ყველა კუთხით რუსეთი დომინირებს, რაც შეეხება ახალ ბაზრებს ამაზე მხოლოდ ჩვენ ვერ ვიმუშავებთ, ეს კომპლექსური საკითხია, რომელზეც სახელმწიფომ, ბიზნესმა და მწარმოებლებმა ერთად უნდა იმუშაონ. ასევე დამოკიდებულია პროდუქციის ხარისხზე და სერტიფიცირებაზე“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა და კომპანია „ფრუტულიას“ დამფუძნებელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა უთხრა.
„ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია და მრავალი კომპონენტისგან შედგება, შესაბამისად ეს თემა მალე ვერ დალაგდება. თუმცა ახლა რუსეთის ბაზარზე გარკვეული პრობლემებიც შეიქმნა და შედარებით ნაკლები პროდუქცია გაგვაქვს, რუსული ბაზარი ხილ-ბოსტნეულით უკვე გაჯერებულია და შესაბამისად ნაკლებად გადამხდელუნარიანია. ამიტომ, სავარაუდოდ, სამომავლოდ ექსპორტიორები ამ მდგომარეობას გაითვალისწინებენ და გარკვეული მიმართულებით დივერსიფიკაციაზე იფიქრებენ“, - აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
ბეჟიტაშვილის თქმით, წინა წლებთან შედარებით ხილ-ბოსტნეულის საექსპორტო ფასი 30%-ით, ზოგ შემთხვევაში კი 50%-ით შემცირებულია.
„წინა წლებთან შედარებით ფასი დაახლოებით 30%-ით თუ მეტით არა შემცირებულია, ზოგადად კლების ტენდენცია შეინიშნება, ბაზარს ჭარბი პროდუქცია მიეწოდება და მოთხოვნა აღარ არის, შესაბამისად ღია კონკურენციის პირობებში ფასი დავარდა, ჩვენი პროდუქციაც მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა“ - აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ხელშეწყობისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია მიმდინარე წლის აპრილში დაფუძნდა. ასოციაციის ძირითადი მიზანი საქართველოდან ხილის ექსპორტის ხელშეწყობა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ერთობლივი მუშაობაა , ასოციაცია 20 წევრ კომპანიას აერთიანებს.
თაკო კვაჭანტირაძე