კომერციული ბანკების მიერ რუსული რუბლის ყიდვა - გაყიდვა საერთაშორისო რეგულაციების დარღვევა არ არის – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „კომერსანტის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„კომერსანტის“ შეკითხვაზე, არის თუ არა ეს საერთაშორისო რეგულაციების დარღვევა, როდესაც რამდენიმე ქართული კომერციული ბანკი რუსული რუბლის ყიდვა-გაყიდვას არარეზიდენტ პირებზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ახორციელებს, სებ-ის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
„ეს საერთაშორისო რეგულაციების დარღვევა არ არის. საერთაშორისო რეგულაციებით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები შეზღუდვებს იმ პირების მომსახურეობაზე აწესებს, რომლებიც სანქცირებულთა სიებში პირდაპირ არიან მითითებულნი. სხვა პირების მომსახურება საერთაშორისო სანქციებით აკრძალული არ არის. ამიტომ, ქართული კომერციული ბანკები საკუთარი შიდა პროცედურებით იღებენ გადაწყვეტილებას, მოემსახურონ თუ არა რუსულ რუბლში არარეზიდენტ პირებს.
შედეგად, კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების მიხედვით კლიენტის რეზიდენტობისა და ტრანზაქციის ვალუტის მიუხედავად, აკონტროლებენ, რომ ბანკის მომსახურება სანქციების გვერდის ასავლელად არ იყოს გამოყენებული“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.
რამდნიმე დღის წინ „კომერსანტმა“ გადაწყვიტა გაერკვია, რა ვითარებაა ქართულ კომერციულ ბანკებში რუსული რუბლის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბანკების უმრავლესობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთის მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შესაქმნელად, რაც მათთვის ანგარიშების არ გახსნასა და მომსახურების არ გაწევას გულისხმობდა. როგორც „კომერსანტს“ კომერციული ბანკების უმრავლესობაში უთხრეს, რუბლის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ამ ეტაპზე სრულად შეჩერებულია, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი 2 მათგანი აღმოჩნდა.