მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას ითხოვს. მისი თქმით, წლების განმავლობაში ცხვრის სულადობის ზრდა ვერ ხერხდება და ამის მთავარი მიზეზი საძოვრების სიმცირეა.
გონაშვილის ინფორმაციით, ცხვრის ექსპორტი პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, რეალურად არ შეცვლილა. სტატისტიკას, რომლის თანახმადაც ცხვრის ექსპორტი წელს 415%-ით გაიზარდა, მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება. როგორც გონაშვილი განმარტავს, 2020 წელს ქართული ცხვარი ქვეყნიდან თითქმის არ გასულა, ექსპორტი მოხერხდა მხოლოდ სექტემბრიდან, შესაბამისად, შედარებისთვის, წინა წლის მაგალითი ვერ გამოდგება.
,,2020 წელს ქვეყანა ჩაკეტილი იყო, არ შემოდიოდნენ არაბები და ბაზარზე მცირე მოძრაობაც არ შეინიშნებოდა. სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ შემოდგომიდან მოხდა, მაგრამ ამით ბაზარზე ამინდი დიდად არ შეცვლილა. 2019 წელთან შედარებით კი, ექსპორტში ზრდა არ არის, ფაქტობრივად, იგივე სიტუაციაა - ზრდა არ გვაქვს, მაგრამ არც ჩამორჩენა ფიქსირდება. ყველაზე მეტი დატვირთვა 2021 წლის ივნის-ივლისშია იყო, რაც მუსლიმანური სამყაროს ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულის - რამადანს უკავშირდება. მოთხოვნა ყოველთვის მეტნაკლებად არის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ცხვრის ის რაოდენობა, რაც დარგის განვითარებას გამოიწვევს. ცხვრის სულადობა დაახლოებით 1 მილიონის ფარგლებშია საქართველოში. წელს 100 000 სულზე მეტი ცხვარი ექსპორტზეა გასული. მეცხვარეობა ძალიან დიდი ყურადღებას საჭიროებს, რადგან მთავარი პრობლემა საძოვრებია. ქვეყანაში ზამთრის საძოვრები პრაქტიკულად არ არის“, - ამბობს გონაშვილი.
რაც შეეხება ფასს, გონაშვილის ინფორმაციით, ერთი სული ცხვარი 300 ლარამდე ღირს, თუმცა ივნისში მოთხოვნის ზრდამ იმოქმედა და ფასმა 320-330 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საძოვრებს, საქართველოში ზამთრის საძოვრები ძირითადად შირაქში, ტიბაანში, გარეჯის ტერიტორიაზე, ჩალიანში, ჭალადიდში, ლეკიანსა და ბახმაროშია, სადაც ცხვრის და მსხვილფეხა პირუტყვის გამოკვებაა შესაძლებელი. თუმცა, როგორც ბექა გონაშვილი აღნიშნავს, ამ საძოვრების უმეტესობა მოუვლელი და აუთვისებელია. ელემენტარულად, აღწერილიც კი არ არის, სად რა ფართობებია და როგორ შეიძლება არსებული პოტენციალის გაუმჯობესება.
მეცხვარეთა ასოციაციის გათვლით, მეცხოველეობის ამ დარგის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას ყოველწლიურად 150-200 მლნ ლარის საექსპორტო პროდუქტი დაემატება. ფაქტია, ამ პოტენციალს ქვეყანა სათანადოდ ვერ იყენებს და დიდი სარგებელი იკარგება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ $16.5 მილიონის ღირებულების ცოცხალი ცხვარი გაყიდა. ძირითადი შემსყიდველი წელს საუდის არაბეთია, სადაც ექსპორტზე $13.1 მილიონის ცხვარია გასული. $2.5 მილიონის ცხვარი შეიძინა აზერბაიჯანმა. $527.5 ათასის ექსპორტი განხორციელდა ქუვეითში.
ქართული ცხვრის იმპორტში $175 ათასი გადაიხადა არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა. გარდა ამისა, $112 ათასის ღირებულების ცხვარი შეიძინა ყატარმაც.
მარი ჩიტაია