სასურსათო პროდუქტებთან დაკავშირებული პანიკა გარკვეულწილად ფქვილსაც შეეხო და მოთხოვნა გაიზარდა. „პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა და მარაგების დღესდღეობით იმ დონეზეა, რომ პურის ფასს, მინიმუმ, მაისამდე არაფერი ემუქრება. თუმცა ფქვილის ფასი შეიძლება გაიზარდოს.
კერძოდ, დოლიძის ინფორმაციით, 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 65-66 ლარის ფარგლებშია. ხოლო უმაღლესი ხარისხის ქართული ფქვილის ფასმა უკვე 80 ლარს მიაღწია, რაც მაღალი თვითღირებულებით არის გამოწვეული და გადასახადების გაძვირებას უკავშირდება.
,,პურის ფასი ჯერჯერობით სტაბილურია. თუკი ერთი ტომარა ფქვილის ფასი 70 ლარამდე გაიზრდება, პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუკი ამ ნიშნულს გადასცდება, სავარაუდოდ, მთავრობა სუბსიდირებას განახორციელებს. დიდი გამოწვევაა ადგილობრივი წარმოების განვიტარება, მაგრამ ამისთვის ხელშემწყობი პირობები უნდა იყოს. ბიზნესს სამეწარმეო ხარჯი ფაქტობრივად გაუორმაგდა, ხოლო მაღალი თვითღირებულება ფქვილის ფასზეც ადეკვატურად აისახება. ადგილობრივი ფქვილი 80 ლარამდე ღირს, როცა შემოტანილი პროდუქტი 13-15 ლარით იაფია“, - ამბობს დოლიძე.
რაც შეეხება ხორბალს, დოლიძის თქმით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ლოგისტიკური ჯაჭვიც, არსებული გლობალური პროცესების მიუხედავად მეტნაკლებად სტაბილურია.
,,არც ხორბლის და არც ფქვილის იმპორტი არ შეფერხებულა. სტრატეგიულ მარაგებთან დაკავშირებით გამოწვევა არის, მაგრამ ჯერჯერობით ამას თავს ვართმევთ. რამდენიმე სახელმწიფოსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მათ შორის, ყაზახეთთან, რუმინეთსა და საფრანგეთთანაც. განიხილება სხვა ალტერნატიული ბაზრებიც. უსაშველოდ თუ გაძვირდა ხორბალი რუსეთში, სხვა ქვეყნებიდან შემოვიტანთ. მით უმეტეს, გაზაფხული მოდის და მწარმოებლები ნაშთებისგან გათავისუფლებას ცდილობენ. ადგილობრივ დონეზეც ყველაფერი კეთდება, რომ სტრატეგიულ მარაგთან დაკავშირებით ქვეყანას და ხალხს არ გაუჭირდეს“, - აცხადებს დოლიძე ,,კომერსანტთან“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ჯერჯერობით ხორბლის მსხვილი ექსპორტიორია და მასზე საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხორბლის თუ ფქვილის იმპორტის თვალსაზრისით. საქართველო იმპორტირებული ხორბლის 99%-ს რუსეთში ყიდულობს, ხოლო ფქვილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 96%-ია.
„საქსტატის“ მონაცემებით, წელს, გასული წლის თებერვალთან შედარებით ხორბლის პურის ფასი საქართველოში 22.3%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში 20.7%-ით არის გაზრდილი ფქვილის ფასიც.
მარი ჩიტაია