ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის უკრაინის 200-მდე მოქალაქე, რომელიც საქართველოშია და ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოს სასტუმროებში უკვე დაბინავდა.
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას, ვინც თავისი ინიციატივით გვიკავშირდება ტურიზმის ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე, ან თავად ეხმიანება ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ ტურისტებს და უზრუნველყოფს მათ თავშესაფრით და საკვებით. სწორედ ამ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რომელთაც ისინი პირველივე დღიდან იჩენენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, მათ უდიდესი მადლობა ეკუთვნის, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ტურიზმის კერძო სექტორმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, დახმარების სურვილითა და გულწრფელი ერთიანობით ჩვენი ქვეყნისთვის.
„ახლა გასაჭირში ჩვენი უკრაინელი ძმები და დები არიან და ჩვენი ტურიზმის სექტორი კვლავ ერთიანია, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციის გუნდი 24/7-ზე მუშაობს და აგრძელებს ფასილიტაციას დახმარების საჭიროების მქონე პირებსა და დახმარების მსურველ კომპანიებს შორის.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-მდე უკრაინის მოქალაქეს.
საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი 0 800 800 909.
საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტები ოპერატიულად იღებენ ყველა სახის ინფორმაციას და დახმარებას!
სასტუმროში უკვე გადანაწილებულია საქართველოში მყოფი 200-მდე უკრაინელი ტურისტი.
"განსაკუთრებული მადლობა ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორს: განთავსების ობიექტებს; კვების ობიექტებს; ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციებს; სატრანსპორტო კომპანიებს. ასევე, ფარმაცეპტულ და კოსმეტიკის ქსელებს; საგანმანათლებლო დაწესებულებეს; სურსათის მაღაზიებს და ყველას ვინც ამ რთულ პერიდში სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს მომსახურებას ჩვენს უკრაინელ სტუმრებს მათი საჭიროების მიხედვით," - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.