კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ქართული ლარი აპრილის თვის განმავლობაში ხშირ შემთხვევაში გაუფასურებით ხასიათდებოდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში პირველ აპრილს 1 დოლარი 3.1994 ლარი იყო, აპრილის შუა რიცხვებში კურსის გამყარება შეინიშნებოდა და 15 აპრილისთვის 1 დოლარი 3.1404-ის ნიშნულსაც გაუტოლდა. თუმცა, შემდეგ გაუფასურება დაიწყო და 30 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით 3.2063-ის ნიშნული გახდა.
თურქული ლირა აპრილის თვის განმავლობაში ძირითადად გაუფასურების ტენდენციით ხასიათდებოდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში პირველ აპრილს 1 დოლარი 6.7026 ლირა იყო, ხოლო 30 აპრილის 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.9882-ის ნიშნული გახდა.
სომხური დრამი აპრილის თვის განმავლობაში გამყარების ტენდენციით ხასიათდებოდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში პირველ აპრილს 1 დოლარი 503.1300 დრამი იყო, ხოლო 30 აპრილის 18:00 საათისთვის 1 დოლარი 479.5100-ის ნიშნული გახდა.
აზერბაიჯანული მანათი აპრილის თვის განმავლობაში ძირითადად ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებდა, თუმცა თვის ბოლოსთვის მცირედით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში პირველ აპრილს 1 დოლარი 1.6948 იყო, ხოლო 30 აპრილის 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6983-ის ნიშნული გახდა.