საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია „აგრითაჩი“ იაპონიასა და ისრაელში ლურჯი მოცვის ექსპორტს იწყებს.
როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი დავით მაყაშვილი ამბობს, ახლო მომავალში ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებშიც იგეგმება.
„სერტიფიკატის მიღებას ველოდებით და ახლო მომავალში ევროკავშირის ბაზარზეც შევალთ. წელს უკვე შევედით მალაიზიაში, ჰონგ-კონგში, ბაჰრეინში, ყატარში (სულ 5-6 ტონა). ვემზადებით იაპონიაში და ისრაელში შესასვლელად. საშუალება გვქონდა რუსეთში 40-50 ტონა მოცვი შეგვეტანა, თუმცა ამ ბაზრის არასტაბილურობის გამო უარი ვთქვით“,- განაცხადა მაყაშვილმა.
მისი თქმით, კომპანია მოცვის გარდა ყატარში ქართული მწვანილის ექსპორტსაც ახორციელებს, სადაც კვირაში 600-800 კილოგრამი შეაქვთ. კამის, ქინძისა და ოხრახუშის საშუალო საექსპორტო ფასი კილოგრამზე 4-5 ლარს შეადგენს. „აგრითაჩი“ 2018 წლიდან ოპერირებს.
წყარო: „ბიზნეს ფორმულა“