კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) საზოგადოებას „საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“ კვლევის შედეგები წარუდგინა. როგორც კვლევამ აჩვენა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 42%-ს სჯერა, რომ დათმობებზე წასვლით საქართველოს რუსეთთან შესაძლო ომის თავიდან აცილება შეუძლია და უკრაინასაც შეეძლო ომის არიდება. ასე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 46%-ი ფიქრობს, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერებს. ამ უკანაკნელთა შორის მხოლოდ 31% ფიქრობს ანალოგიურად საქართველოს და 28% - უკრაინასთან მიმართებაში.
ამასთანავე, ოპოზიციის მომხრეთა განწყობები შედარებით ადვილად იცვლება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციით: ოპოზიციის ის მხარდამჭერები, რომლებიც იღებენ ინფორმაციას მიმდინარე ომში უკრაინის დანაკარგების შესახებ, უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან დათმობებს, ვიდრე ოპოზიციის ის მხარდამჭერები, ვისაც ასეთი ინფორმაცია არ მიუღიათ. მსგავსი ეფექტი არ შეინიშნება მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და პარტიების მიმართ მიუმხრობელ ადამიანებში.
გამოკითხულ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხარდამჭერების დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა საერთოდ არ მიიჩნევს მოსალოდნელად ომს საქართველოში. მისივე თქმით, საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის თაობაზე, უნდა წავიდეს თუ არა საქართველო დათმობებზე რუსეთთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი (60%) რუსეთის აგრესიის დასაშოშმინებლად დასავლური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიებისა და დამოუკიდებლობის დათმობას არ ემხრობა.
აღნიშნული კვლევისთვის მონაცემები CRRC-საქართველომ 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში შეაგროვა. გამოკითხვის ფარგლებში სულ 1,523 ინტერვიუ ჩატარდა საქართველოს ზრდასრულ (18+) მოსახლეობასთან. კვლევის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).
იხილეთ კვლევის ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე.