GNP-ი (ქართული ნატურალური პროდუქტი) ჩინეთში და იაპონიაში ტყემლის და სხვა საწებლების ექსპორტისთვის ემზადება. როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი სომხიშვილმა განაცხადა, წელს კომპანია წეროვანში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს.
„ბაზარზე 2012 წლიდან ვართ და უკვე მოვახერხეთ ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში შესვლა. საწებლებს, სანელებლებსა და მარინადებს ვყიდით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის შემდეგ ჩინეთის და იაპონიის ბაზარზე შესვლასაც ვგეგმავთ“,- აცხადებს სომხიშვილი.
კომპანიის გაყიდვების 40% ექსპორტზე მოდის და როგორც GNP-ში აცხადებენ, პანდემიის მიუხედავად ექსპორტი მზარდი ტრენდით ხასიათდება. საერთაშორისო ბაზრებზე GNP-ის პროდუქცია, ძირითადად საშუალო და პრემიუმ კლასის საფასო სეგმენტშია წარმოდგენილი. არასაიმედოობის გამო, კომპანია უარს ამბობს რუსულ ბაზარზე.
წყარო: " ბიზნეს ფორმულა"