ქართული ვაშლის პირველი კონტეინერი უკვე მზად არის, და ის მალე გაიგზავნება ექსპორტზე დუბაიში, ამის შესახებ ინფორმაციას USAID-ი ავრცელებს.
„USAID აქტიურად თანამშრომლობს ფერმერებთან და აფართოებს ქართული საქონლის წვდომას ისეთ ბაზრებზე, რომლებიც, ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებთან შედარებით, ფერმერებს უფრო მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს. ეს ქმნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ფერმერებისთვის და მათი ოჯახებისთვის. აღნიშნული ძალისხმევა ასევე აძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან აქრობს პოლიტიკური ზეწოლის რისკს ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა რუსეთი, რომელმაც, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, წარსულში უკვე აკრძალა სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტის იმპორტი საქართველოდან.
საქართველოს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა USAID-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენ მიერ დამყარებული პარტნიორობა, ზრდის მოსავლის ხარისხს, აფართოებს საექსპორტო ბაზარს და აუმჯობესებს საქართველოში მცხოვრებ ფერმერთა ოჯახების შემოსავალს,“ - ნათქვამია განცხადებაში.